3+3 ფორმატი

ლავროვი: 3+3 ფორმატი უახლოეს მომავალში ჩატარდება, მოხარული ვიქნებით საქართველოს მონაწილეობით

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავაშოღლუსთან პრესკონფერენციის დროს 3+3 ფორმატის ახალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ ამჯერად საქართველოც მიიღებს მასში მონაწილეობას.

"შევთანხმდით, თუ როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაზე მუშაობა. ცნობილია, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა "3+3" ფორმატი. [...] პირველი შეხვედრა მოსკოვში ჩავატარეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მომდევნო შეხვედრა მზადდება, უახლოეს მომავალში, ველი, რომ შევძლებთ მის გამოცხადებას". – თქვა ლავროვმა.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები