3+3 ფორმატი

ჩავუშოღლუ: ველით 3+3 ფორმატის შეხვედრას თურქეთში, იმედია, მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

მევლუთ ჩავუშოღლუ

რუსული მედიის, РИА Новости-ის ინფორმაციით, 3+3 პლატფორმის შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, თურქეთში გაიმართოს. მათივე ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს იმედი აქვს, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. 

"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე 3+3 ფორმატში რეგიონული კონსულტაციების მოსკოვში გამართვასა და ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოუთმენლად ველით შემდეგ შეხვედრას თურქეთში და იმედი გვაქვს, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს". – თქვა ჩავუშოღლუმ.

10 დეკემბერს მოსკოვში 3+3 პლატფორმის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველო არ დასწრებია. მიუხედავად ამისა, სხდომაზე საქართველოს დროშა მაინც იყო აღმართული. ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრის წინა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი". – ამბობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონულ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები