რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტამბულში გამართულ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი ხელახლა განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი მუდმივად ღია რჩება".
"ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით - კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოს ამ პლატფორმის (რედ. - 3+3 ფორმატის) კარი ყოველთვის ღია რჩება. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ, რომ მის მუშაობას შეუერთდნენ. [...] როგორცვე თბილისი გადაწყვეტს, შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში მოვიდნენ და თავიანთ სავარძელზე დასხდნენ, სავარძელი მათთვის ყოველთვის გამოყოფილია და კარი მათთვის ყოველთვის ღიაა". - თქვა ლავროვმა.
ამის შესახებ მან სტამბულში 3+3 ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრას რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ თბილისთან კონტაქტს ინარჩუნებენ და აქ მომუშავე რუს დიპლომატებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროები შესაბამის წარმომადგენლებთან პირდაპირ განიხილონ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მსგავსად ირწმუნება, რომ დასავლურ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ე.წ. "მეორე ფრონტის გახსნა" სურთ. მისივე სიტყვებით, დასავლეთს საქართველოსა და "ორ სუვერენულ ქვეყანას" შორის (ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი) ურთიერთობების დაძაბვა უნდა.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ლავროვმა მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონსა და ანტი-ლგბტ კანონს და თქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიტიკული პასუხი მისი მხრიდან "გავლენის" სურვილზე მიუთითებს.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.
ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.
3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ.
პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.