დეოლიგარქიზაცია

რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა – 7 პრიორიტეტული მიმართულება

დეოლიგარქიზაცია

რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა – 7 პრიორიტეტული მიმართულება

14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დეტალები ცნობილი გახდა. დოკუმენტში საუბარია, რომ გეგმა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ 2022 წელს განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის ნაწილს. ამასთან, პირობების ნაწილობრივ შესრულებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის ფონზე, ევროკომისიამ კვლავ ძალაში დატოვა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გასატარებელი ცვლილებების პრიორიტეტულობა. 

"აღნიშნული სამოქმედო გეგმა შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს". - ნათქვამია დოკუმენტში.

"საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების" სამოქმედო გეგმაში საუბარია შემდეგ 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე:

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება);
  • საჯარო შესყიდვები ("საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება").
  • კონკურენციის პოლიტიკა ("ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია");
  • მართლმსაჯულება;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა ("ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად");
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  • მედია ("მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება").

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია 7-ვე მიმართულებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამომავლო აქტივობებზე.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. 

"ერთი უწყების პასუხისმგებლობად განისაზღვრა როგორც ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შექმნა, მისი იმპლემენტაცია და მონიტორინგი; ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს დაექვემდებარა დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების კონტროლი, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და საჯაროობა, ინტერესების შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება". - ნათქვამია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. 

სამომავლო გეგმების კონტექსტში საუბარია იმაზეც, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება პირდაპირი წვდომა საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებზე, ასევე, სხვა საკითხებთან იგეგმება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვაც.

საჯარო შესყიდვები 

არსებულ მდგომარეობის მიმოხილვისას დოკუმენტში აღნიშნულია 2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიღებულ კანონზე საჯარო შესყიდვების შესახებ, რომელიც "ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას" და "ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმებს" ითვალისწინებს. დოკუმენტში ყურადღება მახვილდება "ინტერესთა კონფლიქტის" პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სანქციებზეც. 

გარდა ამისა, საჯარო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კორუმპირებული და თაღლითი კომპანიების ან პირების მიერ სახელმწიფო კონტრაქტებზე წვდომის გამორიცხვის უზრუნველყოფას; ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მოდერნიზების მიზნით ახალი ელექტრონული პროცედურების და ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვას.

კონკურენციის პოლიტიკა 

სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კონკურენციისა და გამჭირვალობის ხელის შეწყობის მიზნით გეგმავს კონკურენციის მარეგულირებელი წესების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გაძლიერებას რეგულაციების ეფექტურად განხორციელების მიზნით (მაგ: მონოპოლიების ეფექტურად დაშლის გზით). 

მართლმსაჯულება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ "სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების ასპექტები შესულია ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტით გათვალისწინებულ პარალელურ პროცესებში". ამიტომ ეს მიმართულებები ამ დოკუმენტში არ განიხილება.

მართლმსაჯულების მიმართულებით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია: მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა; საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა (არბიტრაჟისა და მედიაციის მნიშვნელობა); ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება და ა.შ.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას; MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციების ეტაპობრივი განხორციელებას; ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნას; საქართველოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის განახლებას; ორმაგი საგადასახადო ხელშეკრულებების გაფორმებას წამყვან სავაჭრო პარტნიორებთან და ა.შ.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

"საარჩევნო რეფორმის რამდენიმე რაუნდის საფუძველზე, პარტიების დაფინანსების ოდენობა შეიზღუდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შემცირდა ხარჯების ზედა ზღვარი. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1% შემცირდა 0.05%-მდე (ე.ი. დანახარჯების ზედა ზღვარი თითოეული მხარისთვის იყო 60 მლნ ლარი და ის შემცირდა 30 მლნ ლარამდე)". - ნათქვამია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში.

მთავრობის მტკიცებით, ხარჯების ზედა ზღვრის ცვლილება უფრო თანაბარ პირობებს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს.

ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დოკუმენტში გამოყოფილია შემდეგი ღონისძიებები:

  • იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულობის აკრძალვა (ვადა: 2023 წლის IV კვარტლიდან 2024 წლის I კვარტლამდე);
  • თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვრის კიდევ უფრო შემცირება (ვადა: 2023 წლის IV კვარტლიდან 2024 წლის I კვარტლამდე);
  • პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების რეგულარულად გამოქვეყნება.

მედია

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, "გათვალისწინებულია, რომ ჯერ გაანალიზდეს ევროკავშირის/ევროსაბჭოს შესაბამისი კანონმდებლობა მედია საკუთრების და გამჭვირვალობის შესახებ, მათ შორის კონკურენციისა და შერწყმის კონტროლის კონტექსტში, ხოლო შემდეგ კი გაგრძელდეს შედეგების მიღებაზე მუშაობა, პარტნიორებსა და მედიასთან ახლო თანამშრომლობით".

"ამის განხორციელება ორიენტირებული იქნება მედია პლურალიზმის, გამჭვირვალობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, რათა შემცირდეს ან/და თავიდან იქნეს აცილებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენა". - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რა ხდებოდა აქამდე?

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიეღო. კომისია მიიჩნევდა, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, დეოლიგარქიზაციის კანონი გაუქმდებოდა. 

მოგვიანებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია, საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ამ ფორმით არ მიეღო.

ამის შემდეგ კი, ქართული ოცნების დაპირებისამებრ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე "ჩააგდო". კანონპროექტი კენჭისყრაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გაიტანა და თქვა, "ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რათა კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე".

14 სექტემბერს მთავრობის მიერ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გარკვეული დათქმებით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 9 დათქმას შორის ერთ-ერთ მიმართულებად დასახელებული იყო: "მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით".

კომენტარები