დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი შეფასების მისაღებად ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში გაგზავნა. კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას ევროკავშირის წარმომადგენლობა პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში დესტრუქციული როლის მქონე ერთადერთ ოლიგარქად მოიხსენია.

რეზოლუციის შემდეგ ლოგიკური იყო დეოლიგარქიზაციის პირობა ივანიშვილისა და შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების პირობად წაგვეკითხა და ასეც წაიკითხა ყველამ, ვინც ხელისუფლებაში არ არის.

ქართულმა ოცნებამ კი იმთავითვე თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ იყო და ისინი ისე შეასრულებდნენ რეკომენდაციას, რომ ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნა ფეხში დახლილ ტყვიად დაუბრუნდებოდა.

მათ ასეთი კანონპროექტი იპოვეს – უკრაინაში.

16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი?

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე სპეციალურად ამ კანონისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა. სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდეც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე "დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება".

ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ოლიგარქი განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი.

კანონპროექტის თანახმად ამ განმარტებას დააკმაყოფილებს და ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი ოთხი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, სამს ერთდროულად აკმაყოფილებს:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  • ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
  • მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, მოქალაქის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავად პარლამენტს უნდა მიეღო, რეესტრთან დაკავშირებულ წესები, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებიც პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა16 ნოემბერს ქართული ოცნების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეების ოლიგარქებად აღარებისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის გადაწყვეტილებას პარლამენტის ნაცვლად მთავრობა მიიღებს.

ოლიგარქების რეესტრში შეყვანილ პირს აეკრძალება:

  • პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულობების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
  • ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  • ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

უკრაინული ანალოგი

დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი, ტექნიკური დეტალების მიღმა, პრაქტიკულად ქართულის იდენტურია. იქაც იგივე კრიტერიუმებს და იგივე საზომს ვხვდებით. თუ უკრაინელი ქვემომდებარე ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, სახელმწიფო მას ოლიგარქად მიიჩნევს:

  • ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიაზე;
  • არის საწარმოს საბოლოო ბენეფიციარი – მესაკუთრე, რომელიც კანონის ამოქმედების დღიდან იკავებს მონოპოლიურ პოზიციას ბაზარზე;
  • თავად მისი ან მისი სამეწარმეო სუბიექტის აქტივების რაოდენობა შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

დეკადებია ოლიგარქები უკრაინის დემოკრატიის პრობლემად სახელდებიან. საკვანძო მნიშვნელობა აქ მათ რაოდენობას აქვს.

კანონი რადამ 10 წლით მიიღო, როგორც დროებითი ზომა, ექსტრაორდინარულ დემოკრატიულ პრობლემასთან გასამკლავებლად. კანონზე ვენეციის კომისიას დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მას კრიტიკა აქაც შეხვდა.

კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ კანონს მიზნის საპირისპირო შედეგი ექნება. კერძოდ, შესაძლოა, აქაც, წამალი ავადმყოფობაზე უარესი აღმოჩნდეს და ნაცვლად დემოკრატიის კონსოლიდაციისაა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცეს.

პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირს უკრაინაში ეს კანონი მოსწონს. 

რა ქონებას უნდა ფლობდე, რომ ოლიგარქი იყო?

როგორც უკრაინულ, ისე ქართულ კანონში ოლიგარქობის 4 კრიტერიუმიდან ყველაზე ტექნიკური მარტივად ამბობს, რომ ოლიგარქია ის, ვისი ფინანსური შესაძლებლობებიც 1 000 000-ჯერ აღემატება ქვეყანაში შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოქტომბრის საარსებო მინიმუმი 253.9 ლარი იყო, შესაბამისად, თუ კანონი ამ მონაცემს გაითვალისწინებდა, ოლიგარქი იქნება ის, ვისი აქტივებიც, დაახლოებით, 253 მილიონი ლარი, ანუ ვალუტის ამჟამინდელი კურსით 90 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია.

რომ გავამარტივოთ, თუ თქვენ მდიდარი ხართ, კრიტიკულ მედიას ფლობთ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობთ, ქართულ ოცნებას თქვენზე ანგარიშსწორების დამატებითი ბერკეტი აქვს.

ვინ არის ოლიგარქი ქართველი პოლიტიკოსების აზრით?

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადასახედად შესასრულებელ რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაცია შეიტანა, მმართველი პარტია და ოპოზიცია კანონის სხვადასხვა მიზნობრიობაზე საუბრობს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის ცნების ქვეშ არ მოხვდება, რადგან არ არის ჩართული პოლიტიკასა და მედიის საქმიანობაში. მას ეთანხმებიან მმართველი პარტიის სხვა წევრები და ივანიშვილის დეპუტატებიც. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ოლიგარქიის ცნება ოპოზიციის ლიდერებს მეტად შეესაბამებათ.

ქართული ოცნების ლიდერები ყველაზე ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს. 

"შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ამ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები". – ამბობდა დეოლიგარქიზაციის კანონზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი. მას ეთანხმებოდა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და პარლამენტის არაერთი დეპუტატიც.

ამავე კონტექსტში ქართული ოცნების წევრები ოლიგარქებს უწოდებდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ლელოს ლიდერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც.

კანონის არსებული ფორმით მიღება ერთგვარი გაფრთხილება იქნება ნებისმიერი მსხვილი ბიზნესისთვის – თუ ისინი ოპოზიციური პარტიების ან კრიტიკული მედიის დაფინანსებას გადაწყვეტენ, მათ ოლიგარქების რეესტრში მარტივად შეიყვანენ. 

რას ამბობენ პარტნიორები?

საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრის დაწყების შემდეგ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა თქვა, რომ კანონპროექტისთვის "რაიმეს აღება საქართველოზე მორგების გარეშე კარგად არ იმუშავებს". ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ამბობდა, რომ არცერთ ოლიგარქს არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს. ევროპარლამენტარის, მწვანეთა ალიანსის წევრის, მარკეტა გრეგოროვას თქმით, ოლიგარქი სწორედ ბიძინა ივანიშვილია და დეოლიგარქიზაციაც მას ეხება. ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია. ამასთან, ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რასა იუკნევიჩიენე ამბობდა, რომ ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, ხოლო საქართველოს დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები პირდაპირ ამბობენ, თუ ვის უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, ევროკომისია კანონის მიზნების შესახებ არაპირდაპირ საუბრობს.

15 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაცია, ყველა სხვა პუნქტის მსგავსად, ზოგადია და კონკრეტულ ადამიანებს არ უკავშირდება. მისი თქმით რეკომენდაციის იდეა კრიტერიუმების მკაფიოდ განსაზღვრაში მდგომარეობდა, რადგან არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო და იურიდიულ გადაწყვეტილებებზე.

ქართული ოცნების მიერ წარდგენილი გეგმით, პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონი 2022 წლის 29 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.

კომენტარები