დეოლიგარქიზაცია

"ფორმალური წარდგენა" - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროქტი პარლამენტმა ჩააგდო

ქართული ოცნების დაპირებისამებრ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე "ჩააგდო". კანონპროექტი კენჭისყრაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გაიტანა და თქვა, "ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რათა კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე".

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია, ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე  კონსულტაციის შედეგად დამტკიცდება, შესაბამისად ჯობს, საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს" - თქვა ოხანაშვილმა. 


ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.

"სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი 19 სექტემბერს მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ". – ამბობს კობახიძე.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ პირველად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას. პრემიერის თქმით, სამოქმედო გეგმა სრულად ასახავს ევროკომისიის რეკომენდაციას.

14 სექტემბერს კი საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

"დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია გაეწია, ევროპელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გააგრძელოს". - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები