დეოლიგარქიზაცია

კობახიძე: ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას კვირის ბოლომდე გავუგზავნით

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკომისიის წევრებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ოთხივე მოთხოვნას სრულად უპასუხებს. 

კობახიძის მიხედვით, აღნიშნულთაგან ერთ-ერთი საკითხი დეოლიგარქიზაციაა. მმართველი გუნდის ლიდერმა თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, ხოლო რაც შეეხება უკვე შემუშავებულ კანონმდებლობას, ხვალ მას პარლამენტში მესამე მოსმენით კენჭს უყრიან და მმართველი გუნდი მას მხარს არ დაუჭერს. 

 "სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ". – ამბობს კობახიძე.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ პირველად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას. პრემიერის თქმით, სამოქმედო გეგმა სრულად ასახავს ევროკომისიის რეკომენდაციას.

14 სექტემბერს კი საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

"დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია გაეწია, ევროპელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გააგრძელოს". - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები