დეოლიგარქიზაცია

საქართველოს მთავრობა: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მივიღეთ

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე მიიღეს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად კონკრეტული ვადებია გაწერილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

"დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია გაეწია, ევროპელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გააგრძელოს". - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.


2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

2022 წლის 13 ივნისს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იმავე დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, ივნისში მიღებული კანონი 2024 წლის თებერვალში გაუქმდება.

კომენტარები