დეოლიგარქიზაცია

საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს – ვენეციის კომისია

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო მოსაზრება, სადაც რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. 

"ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს". - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კერძო პირის ხელში კონცენტრაციის საფრთხე გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა, არსებობდეს პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, ვენეციის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ განსხვავებული ქვეყნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად განსხვავებულ გზებს მიმართავენ. 

ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემების საბრძოლველად არ აურჩევია სისტემური მიდგომა. ნაცვლად ამისა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში საუბარია კონკრეტული პიროვნებების ოლიგარქებად იდენტიფიცირებაზე, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს კრიტერიუმი კი, შესაძლოა, იყოს სიმდიდრე, მედია მფლობელობა და ა.შ.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში საუბარი არ არის სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილის შესახებ, კანონპროექტის პოტენციურად ბოროტი მიზნებით გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება კვლავ შეიძლება ძლიერ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს". - წერია ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია ასევე საუბრობს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის პარადოქსულ ბუნებაზეც. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ადმინისტრაცია და სასამართლო ხელისუფლება საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელია, რათა შესაძლებელი გახდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების გატარება, მაშინ კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების მიღების საჭიროებაც აღარ იარსებებდა. იმ შემთხვევაში კი თუ ადმინისტრაცია კონკრეტული ინდივიდების ინტერესების გავლენის ქვეშაა, ხოლო სასამართლო ხელისუფლება ეფექტურად არ ხორციელდება, ვენეციის კომისიის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება "ღრმად საშიშია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის".

ამას გარდა, ვენეციის კომისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვერ განიხილება ოლიგარქიზაციის პრობლემაზე დემოკრატიულ და ეფექტურ პასუხად. 

"ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო "სისტემური" მიდგომა უნდა გატარდეს". - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ამასთანავე, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისტემური ცვლილებების ეფექტიანად გასატარებლად, საჭიროა, რომ სასამართლო სისტემის ჰოლისტური რეფორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასაც ისახავს მიზნად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდეს. 

კომენტარები