დეოლიგარქიზაცია

პაპუაშვილმა 12 პუნქტის შესასრულებლად განხილული პროექტები ვენეციის კომისიას გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა".

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,

2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის.

კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს:

  • საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე;

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე;

  • საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;

  • საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას.

ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით". - წერს პაპუაშვილი.


ჯერ კიდევ 18 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნებოდა ვენეციის კომისიას.

ამასთან 19 სექტემბერს ქართული ოცნების დაპირებისამებრ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე "ჩააგდო". კანონპროექტი კენჭისყრაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გაიტანა და თქვა, "ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რათა კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე".

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ პირველად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას. პრემიერის თქმით, სამოქმედო გეგმა სრულად ასახავს ევროკომისიის რეკომენდაციას.

14 სექტემბერს კი საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

"დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია გაეწია, ევროპელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გააგრძელოს". - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები