კინოცენტრი

ბაჩო ოდიშარია კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ბაჩო ოდიშარია / Facebook 

ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაცია ტაბულას კინოცენტრში დაუდასტურეს.

აქამდე, პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.


2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

11 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილი მალევე წაიშალა. 

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. 23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა. 28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.

ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს რამდენიმე საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული - ისინი რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია, დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს. 

"კინოცენტრის რეორგანიზაციაშია" ჩართული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები