საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

კინოცენტრის თანამშრომლებმა კრიტიკული წერილი დაწერეს, რომელიც მცირე დროში საიტიდან გაქრა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა, კინოცენტრის საიტზე Gnfc.ge ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც წუხილი გამოთქვეს ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოითხოვეს კინოცენტრს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა.

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შექმნის დღიდან, წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც არის ქართული კინოს განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობი. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას წარმოადგენს, კინოს წარმოების, ფესტივალების, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება და კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კულტურულ განვითარებას, ხელოვანების თვითგამოხატვის თავისუფლებას და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას.

არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.

ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანთან დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან". – წერია წერილში.

წერილის გამოქვეყნებიდან მცირე დროში (დაახლოებით 10 წთ.) სიახლე საიტიდან გაქრა, რამდენიმე თანამშრომლის მიერ გაზიარებული ლინკი კი არაქმედითი გახდა.


31 მაისს გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის(GNFC) ყოფილ ხელმძღვანელსა და თბილისის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფუძემდებელს, გაგა ჩხეიძეს მედალი გადასცა. 

ინსტიტუტმა ასევე გაგა ჩხეიძის შესახებ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მიზეზად უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა.

"რუსეთის კრიტიკისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამო გაგა ჩხაიძე 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან". – წერია გოეთეს ინსტიტუტის საიტზე.

გოეთეს ინსტიტუტს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. GNFC-ის თქმით ჩხეიძე თანამდებობიდან ფინანსური დარღვევებისა და ნეპოტიზმის გამო დაითხოვეს და ყოფილი დირექტორის შეხედულებები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ არაფერ შუაშა. 

GNFC-ის განცხადებას სოციალურ ქსელში კინოცენტრის არაერთი თანამშრომელი გამოეხმაურა და განცხადებას გაემიჯნა. თავად ჩხეიძე ამბობს რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მას დევნის.

კომენტარები