საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია, 12 ივლისიდან მათავისუფლებენ – თანამშრომელი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და ის სამსახურიდან 12 ივლისიდან გათავისუფლებულია.

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა." - წერს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე.

მისივე თქმით, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად წულუკიანმა კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელიც კულტურის სამინისტროში მუშაობს.

"დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა"" - წერს კუხალაშვილი.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა, კინოცენტრის საიტზე Gnfc.ge ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც წუხილი გამოთქვეს ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოითხოვეს კინოცენტრს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა.

კომენტარები