საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

ქართული კინო საფრთხეშია – 27 ივნისს, 17:00 საათზე კინემატოგრაფისტები აქციას გამართავენ

27 ივნისს, 17:00 საათზე ქართველი კინემატოგრაფისტები საპროტესტო აქციას გამართავენ. კინოცენტრის თანამშრომლები და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლები კინოცენტრში რეორგანიზაციის შეჩერებასა და დირექტორის დანიშვნის წესის ცვლილებას ითხოვენ.

"თუკი იაზრებ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრზე კონტროლის გამკაცრება საზოგადოებრივი პრობლემაა; თუკი ხედავ, რომ სურთ, ხელოვნება პარტიულ პრინციპს დაუქვემდებარონ; თუკი ფიქრობ, რომ ხელოვნება პროპაგანდის სამსახურში არ უნდა იდგეს; თუკი აცნობიერებ, რომ ცენზურა ხვალ შენთანაც მოვა:

გამოდი 27 ივნისს, 17:00 საათიდან, კულტურის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს). დაიცავი სიტყვის, გამოხატვის, შემოქმედებით თავისუფლება! დაიცავი ქართული კინო, რომელიც საფრთხეშია.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია:

• შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
• შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

მესამე კვირაა, კინოს სფეროს წარმომადგენლები ჩვენი სამართლიანი მოთხოვნებით პროტესტს არ ვწყვეტთ. თუმცა კინოცენტრისა და სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა:

თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრის ახლად დანიშნულმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არც ჩვენს ოფიციალურ წერილს უპასუხა და კარიც არ გაგვიღო. შემდგომ ჩვენი მოთხოვნების ადრესატად შეურაცხმყოფელი განცხადებით თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ამიტომ 22 ივნისს თეა წულუკიანსაც მივმართეთ ოფიციალური წერილით - შეგვხვდეს და ჩვენს მოთხოვნებზე დაგველაპარაკოს. პასუხად მივიღეთ კულუარულად დაგეგმილი შეხვედრა, იმ კინემატოგრაფისტებთან, რომელთაგან სულ რამდენიმე უცხადებდა საჯარო მხარდაჭერას ჩვენს მოთხოვნებს. სამინისტრო ჩვენს ოფიციალურ წერილზე ამ დრომდე დუმს". – წერია ღონისძიების აღწერილობაში.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.

კომენტარები