კინოცენტრი

ბაჩო ოდიშარია კინოცენტრზე: [დანიშვნა] უხერხულობას არ მიქმნის – რეორგანიზაციაში ჩავერთვები

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. კინოცენტრის ახალი მენეჯმენტის პირველ სამუშაო დღეს ისინი დირექტორის კონკურსის გზით არჩევას და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

კინოცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ  დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

"ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას. მათ შორის იმასაც გავარკვევ თუ რატომ არის [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ არის პროტესტის საგანი იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია. უხერხულობას ერთადერთი იმიტომ ვგრძნოვ, რომ ფორმულას მიკროფონში გპასუხობთ. მეტი უხერხულობა მე არ მაქვს".- ამბობს ბაჩო ოდიშარია. 

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის იდრექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

 

კომენტარები