საქართველოს პარლამენტი

"ზედმეტები არ მოგივიდეთ და ირაკლი ბერაიას ბოდიში შეირგეთ" – მდინარაძე ოპოზიციას

მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. მდინარაძის თქმით, მათ ზედმეტები არ უნდა მოუვიდეთ და მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ბერაიას ბოდიში უნდა "შეირგონ".

"ახლა თქვენ მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ, ყველას ერთად. და რატომ - გუშინ გადააჭარბა-თქო, ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები მოიხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური ბანერი გაშალეთ, როცა აქ თეა წულუკიანი იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? mona.ge-ზე რომ ქალი დეპუტატები გამოაქვეყნეს, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? ამიტომ, ახლა ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ. შეირგეთ ის ბოდიშიც და ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც გულწრფელი იყო". - თქვა მდინარაძემ.

31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ მან ემოციურად გადააჭარბა და ამის გამო ბოდიში მოიხადა.

თეონა აქუბარდიამ კი თქვა, რომ ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში სჭირდება. ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

მომხდარს გამოეხმაურნენ, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ქართული ოცნებიდან. ნინო წილოსანის თქმით, პარლამენტში მისთვის "სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს", მდინარაძე კი ამბობს, რომ "არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების მხრიდან". 

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

კომენტარები