საქართველოს პარლამენტი

აქუბარდია ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ითხოვს

დეპუტატი თეონა აქუბარდია ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

როგორც აქუბარდიამ ტელეკომპანია მთავართან ილაპარაკა, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება იმავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან გადააყენებს, ამის მიზეზი მისი "პოლიტიკური კრიტიკა" იქნება.

"ცალყბა ბოდიში ირაკლი ბერაიასი არაფერში მჭირდება და მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა, იმიტომ რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება.

მან უნდა დატოვოს თავმჯდომარის სავარძელი. მე არ ვაპირებ რომ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, თუ მათ შეუძლია რომ გამაგდონ და გადამაყენონ - გადამაყენონ, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება გამომდინარე ჩემი პოლიტიკური, არგუმენტირებული კრიტიკიდან, რაზეც ქართულ ოცნებას პასუხები არ აქვს". - ამბობს აქუბარდია.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამავე დღეს, ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა.

მომხდარს გამოეხმაურნენ, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ქართული ოცნებიდან. ნინო წილოსანის თქმით, პარლამენტში მისთვის "სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს", მდინარაძე კი ამბობს, რომ "არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების მხრიდან". 

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა.

კომენტარები