საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც მთლიანად საქართველოს პარლამენტს შეურაცხყოფს

სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების წევრების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი დეპუტატების, ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის სიტყვები, რაც დღეს მოისმინა, მთლიანად საქართველოს პარლამენტს შეურაცხყოფს.

"მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც მთლიანად საქართველოს პარლამენტს შეურაცხყოფს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია - სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. 

მე არ ვიცი, ვინ რა კანონი უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუწოდებ, უმკაცრესი ზომები მიიღოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან, თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და რეაგირება მოახდინოს". - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა, ხოლო ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ მან "გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით" თავი უნდა შეიკავოს ბერაიასა და მისი კომიტეტის ხსენებისგან.

ირაკლი ბერაიას კომენტარს აქუბარდიამ უპასუხა და დაწერა, რომ რაც მან იკადრა "პატარა კაცობაც აღარ ჰქვია".

კომენტარები