რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს

რუსეთში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება "სრულად კარგავს ეკონომიკურ აზრს". ამის შესახებ საუბარია ავიაკომპანია აზიმუტის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატანტთა ასოციაციას (АЭВТ) გაუგზავნა. დოკუმენტს სპეციალიზებული ტელეგრამ არხი Авиаторщина ავრცელებს.

აზიმუტი არის ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია, რომელსაც ფრენები საქართველოს მიმართულებითაც აქვს.

კომპანიის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში მისმა მთავარმა ავიასაწვავის მიმწოდებელმა განაცხადა, რომ საჭირო იყო მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირება ადრე შეთანხმებულ მოცულობებთან შედარებით. მიზეზად დასახელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი "ფორსმაჟორული ვითარება" და, შესაბამისად, ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება.

აზიმუტში ამბობენ, რომ საჭირო რაოდენობის ავიასაწვავი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს გააჩნიათ .

ამასთან, საწვავის დეფიციტის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა მისი ფასიც. ავიაკომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში ავიასაწვავის ფასი საშუალოდ 17%-ით გაიზარდა, ხოლო, მაგალითად, მახაჩყალაში ნავთის ღირებულება 64%-ით გაიზარდა და 157 ათას რუბლს მიაღწია.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილ პირობებში დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება "სრულად კარგავს ეკონომიკურ აზრს" როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე. აზიმუტმა АЭВТ-ს მიმართა თხოვნით, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდოს.

რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ავტომობილებისთვის საწვავის გაცემაზე შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში - რუსეთის მთავარ ნავთობმომპოვებელ რეგიონში.

რუსეთის ვიცეპრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა, ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე შიდა ბაზარზე არსებულ ვითარებას "რთული, თუმცა კონტროლირებადი" უწოდა.

კომენტარები