ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

კობახიძე ჩარტერზე: არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, პრემიერის პირადი ხარჯი იყო

ქართული ოცნება

მსგავსად კახა კალაძისა, ქართული ოცნების თავმჯდომარეც ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა და ის პრემიერმინიტრმა პირადი ხარჯებით დაფარა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას განსხვავებული სტანდარტი აქვს და პირადი საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან "არცერთი თეთრი არ დახარჯულა".

"გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს რა ვითარება, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის დღესავით ნათელია, მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, ბიუჯეტს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში". - ამბობს კობახიძე.

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.


საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები