ირაკლი ღარიბაშვილი

თამაზ გაიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

კომერსანტი

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში წაიყვანა. 

"არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა...

თვითმფრინავი მათია, Georgian Airways-ი ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერმინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა". - ამბობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი 19 აგვისტოსვე უკან დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.


გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა.

საქართველოს სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა". - წერია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

გიორგობიანის თქმით, მგზავრობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა და პრემიერი ყოველწლიურ დეკლარაციას მომავალში გამოაქვეყნებს. აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი სწავლობს აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 2022 წლის 17 დეკემბერს პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

კომენტარები