ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

სტრატკომი პრემიერზე: რეისი იყო კომერციული, ბიუჯეტიდან არ ანაზღაურებულა, TV პირველი ცრუობს

ირაკლი ღარიბაშვილი
Business Insider Georgia

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

"ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ რეისი იყო კომერციული და მისი ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერმინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა" - წერია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. 

"არ ვიცი, პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა... თვითმფრინავი მათია, Georgian Airways-ი ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერმინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა". - ამბობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი თბილისში 19 აგვისტოსვე დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.


გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები