ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

ჩუბინიძის თქმით, პრემიერის ჩარტერის ფული ღარიბაშვილის მამამ გადაიხადა

იმედი/კადრი ვიდეოდან

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.

"მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს უზრუნველყოფს. შენატანი კერძო პიროვნების მიერ არის გაკეთებული და ეს თანხა არის 34 000 ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებითაა გადახდილი და შესაბამისად, სავარაუდო და შესაძლებელია, რომ ის მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარმოგვიდგენს.

მას წარმოდგენისთვის, რეისის შესრულებიდან დაახლოებით თვენახევარი სჭირდება ხოლმე. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. ვფიქრობ, რომ გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდენილია კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი". - თქვა ჩუბინიძემ.


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

ქართული ოცნების ლიდერების - კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის "არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და ყველა ხარჯი მისი პირადი თანხებით დაიფარა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები