ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტოში ღარიბაშვილი აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით, სწავლის დაწყების დროს ჩავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი და მისი შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი. 2022 წელი.

განახლება: ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს სტრატკომმა გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც პრემიერი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპაში ჩავიდა, იქიდან აშშ-ში კი - რეგულარული რეისით.

საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

გიორგობიანის თქმით, მგზავრობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა და პრემიერი ყოველწლიურ დეკლარაციას მომავალში გამოაქვეყნებს.

"კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც, მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს, არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერმინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერმინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას". – წერს გიორგობიანი.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი სწავლობს აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 2022 წლის 17 დეკემბერს პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში ისწავლიდა.

კომენტარები