ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

მდინარაძე: პრემიერი აშშ-ში ოჯახის ხარჯებით წავიდა, ეს არაა არც თქვენი და არც არავის საქმე

ტაბულა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში "კერძო, თავისი ოჯახის ხარჯებით, თავისი ოჯახის შემოსავლებით" ჩავიდა და "ეს არავის საქმე არ არის". მდინარაძე განმარტავს, რომ პრემიერი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპაში გაფრინდა, იქიდან აშშ-ში კი - "ჩვეულებრივი კომერციული რეისით".

"ჩემი აზრით, ეს არ არის არც თქვენი საქმე და არავის საქმე. ეს მაშინ არის თქვენი საქმე, როცა გამოქვეყნდება დეკლარაცია. ანუ არის კერძო ვიზიტი... ჩარტერის ხარჯი, ნებისმიერი კერძო ხარჯი - ის ადამიანი სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს, ყველა ეს ხარჯი დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი და მერე უკვე, თუ თქვენ კითხვას ასე დასვამთ - საკუთარი ხარჯით გაფრინდა თუ სახელმწიფო ხარჯით, მიიღებთ პასუხს, რომ საკუთარი ხარჯით გაფრინდა, შემდეგ, დასვით, რა კითხვაც გინდათ შემოსავლებთან დაკავშირებით, დეკლარაცია არსებობს ამისთვის, წინა წლის [ხარჯები] იწერება შემდეგ წელს, ეს არის წესი, თუ რამეს უკანონოს აღმოაჩენთ, მერე ილაპარაკეთ" - ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, "ვერ აიტანეს ვიღაცებმა", რომ ირაკლი ღარიბაშვილი "არ დაემსგავსა წინა ხელისუფლებას".

"ამ ქვეყნის პირველი პირი ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს, უამრავი ასეთი ამბავი გვაქვს და ამის გადასაფარად ათწლეულის შემდეგ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე - რატომ გაფრინდა შვილთან...

ვერც ის აიტანეს, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა, უორტონის ბიზნესსკოლაში, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული, ეს ვერ მოინელეს ვიღაცებმა და ახლა სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ და მთავარ კითხვას არ სვამენ -  სახელმწიფო ხარჯით? არა, სახელმწიფო ხარჯით არა, დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ და უკანონო თუ იქნა რამე, შემდეგ გააკრიტიკეთ, რამდენიც გნებავთ" - თქვა მდინარაძემ.


გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი სწავლობს აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია.

კომენტარები