რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბახმუტში მოდით და თავად შეაფასეთ ვითარება" – პრიგოჟინი შოიგუს მიმართავს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის გვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელშიც ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართავს.

წერილში პრიგოჟინი შოიგუს მიმართავს, რომ ბახმუტში ჩავიდეს და სიტუაცია თავად შეაფასოს. ტექსტი ირონიულია. მასში პრიგოჟინი მიუთითებს, რომ შოიგუს საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილება არ აქვს.

"ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის დასახლებული პუნქტის 95%-ზე მეტს აკონტროლებს და აგრძელებს იერიშს მისი სრული გათავისუფლებისთვის. ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში შეასრულა.

რთული ოპერაციული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, მობრძანდით ბახმუტის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფები აკონტროლებენ და თავად შეაფასეთ არსებული ვითარება.

წინასწარ მადლობას გიხდით, თქვენი თანხმობის იმედი მაქვს". – მიმართავს პრიგოჟინი შოიგუს. 

გასულ დღეს ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ ბახმუტში, ფლანგებზე, სადაც განთავსებული იყო რუსეთის რეგულარული ჯარები, ვითარება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები