რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ფლანგებზე სიტუაცია ყველაზე ცუდად ვითარდება, ვისაც უნდა დაეცვათ, გარბიან

ევგენი პრიგოჟინი. კადრი ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, ბახმუტში სიტუაცია ფლანგებზე ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება და ვისაც ეს პოზიციები უნდა დაეცვათ, გარბიან.

"ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდებიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. ტერიტორიები, რომლებსაც სისხლითა და სიცოცხლით იცავდნენ ჩვენი მებრძოლი ამხანაგები, რომლებსაც იღებდნენ თვეების განმავლობაში, ყოველ დღე ათობით თუ ასობით მეტრის გავლით, დღეს, პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე აგდებენ ისინი, ვისაც ჩვენი ფლანგები უნდა გაემაგრებინა". – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე, 11 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმუტში მათი საჰაერო-სადესანტო ძალები ვაგნერელებს ეხმარებოდნენ და ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აჩერებდნენ. 

ამას გარდა, დღეს პრიგოჟინი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ კონტრშეტევის დაწყება გადაიდო. რუსი ოლიგარქის თქმით, ზელენსკი იტყუება და კონტრიერიში სრული ტემპით მიმდინარეობს. ის ამბობდა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ფლანგებზე შემოდიოდნენ.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები