საქართველო-რუსეთი

რუსი დეპუტატი: საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, რომ რუსეთი და საქართველო ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის ზღვარზე არიან.

"მე ვესაუბრე უმაღლესი საფეხურის მრავალ მაღალჩინოსანს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - ავიამიმოსვლა და რუსეთში შემოსასვლელად ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ამ გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ". – თქვა დეპუტატმა ეკონომიკურ ფორუმზე, სახელად – რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა.

კალაშნიკოვის თქმით, მისთვის რთულია შეაფასოს, როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს და რა თანმიმდევრობით.


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელისა და თბილისსა და მოსკოვს შორის არაოფიციალურ დიალოგში რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ "ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება" და თქვა, რომ ფრენების აღდგენა მხოლოდ მათზე დამოკიდებული არაა. 

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიურიკამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები