საქართველო-რუსეთი

აშშ: რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში პროცესში ჩართული კომპანიები დასანქცირდებიან

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ უწყების ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ.

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს". - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

კობახიძე: რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და მისასალმებელია

19 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. მანამდე, 18 იანვარს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიურიკამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები