საქართველო-რუსეთი

უკრაინის საგარეო: საქართველოს ელჩმა დაგვარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ

გიორგი ზაქარაშვილისა და ევგენ პერებიინის შეხვედრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და როგორც წერენ, ქართულმა მხარემ კიევი დაარწმუნა, რომ თბილისი რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენას არ აპირებს.

"მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო პოზიციას შეიცვლის და შეუერთდება პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან და რომ თბილისი შეუერთდება ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა აგრესორ ქვეყანას დაუწესა. ამ კონტექსტში, მან გამოხატა შეშფოთება, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობის ინფორმაციის შესახებ. ელჩმა დაარწმუნა, რომ საქართველოს არ აქვს განზრახვა, რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს". – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე წამოჭრა უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და ქართულ მხარეს მისი უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა განსახილველად შესთავაზა.

საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობა.

აქამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინული მხარე საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში საფრთხეს ვერ ხედავდა.

"უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევჰენ პერებიინისს შეხვდა. შეხევედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს". – ნათქვამი იყო განცხადებაში.

მანამდე, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ყველაფერს კი წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები, როდესაც მან ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

კომენტარები