საქართველო-რუსეთი

კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე: ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თბილისთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ამას (ფრენების განახლებას), ერთმანეთს ვუცვლით აზრებს. მაგრამ ასეთი გამონათქვამია, რომ ტანგოსთვის საჭიროა ორი. თუ დუეტის ერთ მონაწილე ორჭოფობს, მაშინ ძალით ზეწოლა არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს, გადაწყვეტილება როგორი იქნება, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული". – თქვა კარასინმა, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის არაოფიციალურ დიალოგში რუსეთის წარმომადგენელია.

გასულ კვირებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

კომენტარები