რუსეთი-საქართველო

სტანო: EU საქართველოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში სანქციებს შეუერთდეს

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპიკერმა, პიტერ სტანომ ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.

სტანოს თქმით, საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.

"ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთის მიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხიზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას". – ციტირებს ნეტგაზეთი სტანოს წერილობით პასუხს მათ შეკითხვაზე.

ამას გარდა, სტანომ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტს განახლება უჭირს და საფრთხეს შეიცავენ.

"უფრო მეტიც, გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ უსაფრთხოების გამო რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმული მნიშვნელოვანი შეშფოთების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავი თავის ტერიტორიაზე. ევროკავშირის სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და გაუმჯობესება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად" – ციტირებს ნეტგაზეთი სტანოს. 

აქამდე, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, პროცესში ჩართული კომპანიები დასანქცირდებიან.

გასულ კვირებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ დადებითი შეფასება მიიღო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრების, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, თბილისის მერი კახი კალაძისა და დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის მხრიდან.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

კომენტარები