კულტურა

დეპი vs ჰერდი, ბენიფერი, დრაკონების დაბრუნება – 2022 წლის კულტურის ამბები

Tabula

წარმოგიდგენთ 2022 წელს მომხდარ, კულტურის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს.

სკანდალური ოსკარი

2022 წლის ოსკარი ფილმ CODA-ს გადაეცა, თუმცა წლევანდელი ცერემონიის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირება გახდა. 

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია (თმის ცვენა) აქვს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა.  

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია, კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

მოგვიანებით, სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. 8 აპრილს კინოაკადემიამ უილ სმიტს დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.

2 აგვისტოს უილ სმიტმა კრის როკს ვრცელი ვიდეომიმართვით ბოდიში მოუხადა.

დეპი VS ჰერდი

21-ე საუკუნის ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური განქორწინება 2022 წელს დასრულდა.

ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება 2018 წელს დაიწყო, როდესაც ამბერ ჰერდმა, გამოცემა Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც დეპი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun, ჰერდის ოპ-ედზე დაყრდნობით დეპს ერთ-ერთ სტატიაში "ცოლის მცემელი" უწოდა. დეპმა პირველ რიგში The Sun-ს უჩივლა, მაგრამ სასამართლო დავა მტკიცებულებების სიმცირის გამო წააგო. ახალი სასამართლო 2022 წლის მაისში გაიმართა.

2022 წლის 1 ივნისს, ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს. საქმე დეპის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივარის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს. ადვოკატების გუნდი ჰერდს თაღლითობაში ადანაშაულებდა, მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. თავის მხრივ კომპენსაციის სახით დეპის მხარეს ჰერდისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

20 დეკემბერს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილ ქმართან შეთანხმებას მიაღწია. დეპი ყოფილი ცოლისგან 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

გახმაურებული ვარსკვლავური განქორწინების სრული ისტორია იხილეთ ამ ბმულზე.

უკრაინის გმირები და ანტიგმირები

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. კონფლიქტს პოლიტიკოსების გარდა კულტურის მოღვაწეებიც გამოეხმაურნენ. 

კონფლიქტის დაწყებიდან მალევე უკრაინას მხარი არაერთმა ვარსკვლავმა დაუჭირა მხარი. ერთ-ერთი პირველი უკრაინაში ოსკაროსანი მსახიობი შონ პენი ჩავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ პენი კვლავ ეწვია კიევს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი აჩუქა. პენის მსგავსად რუსულ ბომბებს არ შეუშინდნენ ბენ სტილერი, ანჯელინა ჯოლი, ლივ შრაიბერი და ჯესიკა ჩესტეინი.

თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელებს სიმღერა მიუძღვნა მუსიკალური სამყაროს უდიდესმა ბენდმა Pink Floyd. ვეტერანმა მუსიკოსებმა სიმღერა, Hey Hey Rise Up გამოუშვეს. სიმღერიდან შემოსული თანხა კი მთლიანად უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხა.

თავისი კოლეგებისა და მეგობრების პოზიცია არ გაიზიარა Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა დევიდ გილმორმა:

"ამ ომის, მთავარი მიზანია, შეაჩეროს NATO, რომელიც რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს".

კიდევ უფრო შორს წავიდა გილმორის "თანამოაზრე" სტივენ სიგალი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსია.

დრაკონების დაბრუნება

3 წლიანი პაუზის შემდეგ მილიონობით თაყვანისმცემელს სამეფო კარის თამაშების თაყვანისმცემლებს ვესტეროსში დაბრუნების საშუალება მიეცათ. House of the Dragon-ის მოქმედება GOT-ის მოვლენებამდე 200 წლით ადრე ვითარდება. სამეფოს სათავეში დეიენერის გვარის წარმომადგენლები, ტარგარიანები არიან. მრავალწლიანი ომით დაღლილი სახელმწიფოს სათავეში ვიზერის I მოდის, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მაყურებელი მალევე ხვდება, რომ ძმათამკვლელი ომი გარდაუვალია. დრაკონის სახლის ახალი სეზონი 2024 წელს გამოვა.

ბენიფერი 2.0

2021 წელს ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ურთიერთობა განაახლეს. ჯეი ლომ 2022 წლის აპრილში დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია. 18 ივლისს წყვილმა ლას-ვეგასში იქორწინა.

მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს, ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ.  

აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს. 

ლოპესი 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

უცნაური ამბები და დავიწყებული ჰიტი

2022 წლის სატელევიზიო სივრცის მთავარი მოვლენა უცნაური ამბები გახდა. სერიალის თაყვანისმცემლები ნანატრ გაგრძელებას 2019 წლიდან ელოდებოდნენ, ძმებმა დაფერებმა მათი მოლოდინები ნამდვილად გაამართლეს. 

Stranger Things-ის მეოთხე სეზონმა სტრიმინგ სერვის Netflix-ის რამდენიმე რეკორდი მოხსნა. სერიალი ყველაზე ნახვადი ინგლისურენოვანი პროექტი გახდა. 

უცნაურმა ამბებმა ახალი სიცოცხლე შთაბერა 80-იანი წლების ჰიტს. ქეით ბუშის სიმღერა Running Up That Hill მუსიკალური ჩარტების სათავეში მოხვდა. ინგლისელმა შემსრულებელი სერიალის დახმარებით გინესის წიგნის სამი რეკორდი მოხსნა. სიმღერა გამოსვლიდან ყველაზე დიდი ხნის შემდეგ მოექცა ბრიტანეული ჩართების სათავეში. გარდა ამისა, ქეით ბუში ყველაზე ასაკოვანი ქალი მომღერალია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. ასევე Running Up That Hill ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველ ადგილს.

Livin' La Vida Loca

ცნობილ პოპ შემსრულებელს სასამართლოში საკუთარმა დისშვილმა უჩივლა. რიკი მარტინს დენის იადიელ სანჩესი სექსუალურ ძალადობასა და ინცესტში ადანაშაულებდა. 21 წლის კაცის თქმით მას 7 თვის განმავლობაში ბიძასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

"სამწუხაროდ ადამიანს, რომელც ჩემს კლიენტს ადანაშაულებს სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა რიკი მარტინს არ ჰქონია არანაირი სექსუალური თუ რომანტიკული ურთიერთობა საკუთარ დისშვილთან. ეს აზრი არა მხოლოდ არასწორი, არამედ ამაზრზენია. იმედი გვაქვს ამ ადამიანს გაუწევენ შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას და ეს საშინელი საქმე მალე დაიხურება". – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მარტი სინგერმა.

ცნობილმა პუერტორიკოელმა მომღერალმა სანჩესის ბრალდებები უარყო. სასამართლოს დღეს სანჩესმა საჩივარი საკუთარი ნებით გაიტანა, რიკი მარტინი კი გამართლდა

კანიე უესტი

2022 წლის მიწურულს კანიე უესტმა რამდენიმე განცხადებით კარიერა დაისამარა. ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი ანტისემიტური გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

სექტემბერში მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა ტანსაცმლის ბრენდმა Gap. შემდეგ ჰიპ ჰოპ არტისტთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა მოდის სახლმა Balenciaga-მ და ბრენდმა Adidas. გარდა ამისა ერთ-ერთმა კინოსტუდიამ არ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უესტის ცხოვრებას ეფუძნებოდა. მსხვილ კომპანიებთან კონტრაქტების გაწყვეტის შემდეგ მომღერალი Forbes-ის მილიარდერთა სიიდან ამოვარდა.

უესტმა მოგვიანებით განაცხადა რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპს შესთავაზებს.

დეკემბერში უესტმა ალექს ჯონსის გადაცემაში განაცხადა:

"ჰიტლერის დადებით მხარეებსაც ვხედავ. მან გამოიგონა გზატკეცილები, მიკროფონი, რომელსაც დღემდე მუსიკის ჩასაწერად ვიყენებ. ხმამაღლა ვერ იტყვი, რომ ამ ადამიანს კარგი არაფერი გაუკეთებია".

In Memoriam

2022 წელს არტისტების რიცხვს რამდენიმე დიდი ფიგურა გამოაკლდა. 

კომედიის სამყარომ წელს უდიდესი დარტყმა მიიღო, წლის დასაწყისში უბედური შემთხვევას შეეწირა ბობ საგეტი, რამდენიმე დღეში სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა ლუის ანდერსონი.

კინოსამყარო დაემშვიდობა ლეგენდარულ მსახიობებს სიდნი პუატიესა და ჯეიმს კაანს, ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებს გული დაწყვიტა ჰაგრიდის როლის შემსრულებლის რობი კოლტრეინის გარდაცვალებამ. 26 მაისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა კარგი ბიჭების ვარსკვლავი რეი ლიოტა.

28 სექტემბერს გარდაიცვალა 90-იანი წლების ერთ-ერთი ჰიმნის ავტორი და თბილისელი მსმენელისთვის გამორჩეული რეპერი Coolio.

2022 წლის დაჯილდოებები

თვალი გადავავლოთ 2022 წლის მთავარი დაჯილდოებების გამარჯვებულებს.

ოქროს გლობუსი

საუკეთესო მხატვრული ფილმი, დრამა – The Power of the Dog

საუკეთესო მხატვრული ფილმი, მიუზიკლი ან კომედია – West Side Story

ბერლინის კინოფესტივალი

მთავარი პრიზი, ოქროს დათვი – Alcarràs, რეჟ. კარლა სიმონი

ჟიურის გრან პრი, ვერცხლის დათვი – The Novelist, რეჟ. ჰონგ სანგ-სუ

ჟიურის პრიზი, ვერცხლის დათვი – Robo of Gems, რეჟ. ნატალია ლოპეს გალარდო

ოსკარი

საუკეთესო ფილმი – CODA

საუკეთესო რეჟისორი – ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog

საუკეთესო მსახიობი კაცი – უილ სმიტი

საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯესიკა ჩესტეინი

გრემი

წლის ალბომი – ჯონ ბატისტი – We Are

წლის სიმღერა – Silk Sonic – Leave The Door Open

საუკეთესო ახალი არტისტი – ოლივია როდრიგო

კანის კინოფესტივალი

ოქროს პალმის რტო – Triangle of Sadness, რეჟ. რუბენ ოსტლუნდი, 

გრან პრი – Close, რეჟ. ლუკას დონტი, Stars at Noon, რეჟ. კლერ დენი

ჟიურის პრიზი – Eo, რეჟ. ჯერზი სკოლიმოვსკი, Eight Mountains, რეჟ. ფელიქს ვან გრონინგენი, შარლოტ ვანდერმერში

ვენეციის კინოფესტივალი

ოქროს ლომი – All the Beauty and the Bloodshed, რეჟ. ლაურა პოიტრასი

ვერცხლის ლომი – Saint Omer; რეჟ. ალის დიოპი

საუკეთესო რეჟისორი – ლუკა გუადანინო, Bones and All

EMMY

საუკეთესო დრამატული სერიალი – Succession

საუკეთესო კომედიური სერიალი –Ted Lasso

კომენტარები