ჰოლივუდი

"ბოდიში, ჩემი საქციელი მიუღებელია" – უილ სმიტმა კრის როკს ვრცელი ვიდეოთი მოუბოდიშა

Befunky

უილ სმიტმა ოსკარის დაჯილდოებაზე კრის როკთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცლად პირველად ილაპარაკა და კომიკოსს ბოდიში მოუხადა.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრ რამეზე ვიფიქრე. თქვენ არაერთი შეკითხვა დასვით და პასუხების მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა.

იმ მომენტში გონება დაბინდული მქონდა. ყველაფერი ძაან ბუნდოვანი იყო. კრისთან დაკავშირება მალევე ვცადე და მითხრეს, რომ სალაპარაკოდ მზად არ იყო და თვითონ დამიკავშირდებოდა. ახლა გეტყვი კრის, ბოდიშს გიხდი, ჩემი საქციელი მიუღებელია და მზად ვარ მოგისმინო, როდესაც შენ იქნები ლაპარაკისთვის მზად. მინდა ბოდიში მოვუხადო კრისის დედას, მისი ინტერვიუ ვნახე, იმ მომენტში ვერ ვიაზრებდი თუ რამდენ ადამიანს ეწყინებოდა ჩემი საქციელი, ამიტომ მინდა მოვუბოდიშო კრისის დედას, კრისის ოჯახს, განსაკუთრებით ტონი როკს(კრის როკის ძმა), ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. გასული სამი თვე ჩემი საქციელის ანალიზსა და გააზრებას დავუთმე. ამ ყველაფერზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ერთი წამითაც არ მგონია, რომ სწორედ მოვიქეცი, არც კი გამივლია გულში, რომ ეს იყო შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის სწორი გზა". – ამბობს სმიტი.

მსახიობმა ასევე უარყო თავისი ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ბრალი და საკუთარი ოჯახის წევრებს მოუბოდიშა:

"ჯეიდა არაფერ შუაშია. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. გადაწყვეტილება იმ მომენტში ჩემი კრისისადმი დამოკიდებულის მიხედვით მივიღე. მაპატიე ძვირფასო, ბოდიშს ვუხდი ასევე ჩემს შვილებს, ოჯახს იმ პრობლემებისთვის, რომელიც ჩემმა ქცევამ მათ მოუტანა".

28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

მოგვიანებით სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. 8 აპრილს კინოაკადემიამ უილ სმიტს დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.

 

კომენტარები