რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

თეთრი სახლი რაკეტაზე: საბოლოო დასკვნა რაც არ უნდა იყოს, სრული პასუხისმგებლობა რუსეთზეა

თეთრი სახლი

აშშ-ს თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის გამოძიების საბოლოო დასკვნა რაც არ უნდა იყოს, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"რაც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, ცხადია, რომ მხარე, რომელიც უმთავრესადაა პასუხისმგებელი ამ ტრაგიკულ ინციდენტზე, არის რუსეთი, რომელმაც უკრაინის მიმართულებით ისროლა რაკეტები, რისი მიზანიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება იყო. უკრაინას ჰქონდა და აქვს საკუთარი თავის დაცვის ყველანაირი უფლება". – ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრ სახლში სრულად ენდობიან პოლონეთის მთავრობის მიერ შემთხვევის გამოძიებას და მათთან ახლო კონტაქტზე დარჩებიან. ასევე, თეთრ სახლში ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას სიტყვებთან, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერაა გასროლილი.

"არ გვინახავს არაფერი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ დასკვნას, რომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ და, საუბედუროდ, პოლონეთში ჩამოვარდა". – ამბობენ თეთრ სახლში.


16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები