რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არაა, არაა მტკიცებულება, რომ ის რუსეთმა ისროლა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ამბობს, რომ  რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაკეტა რუსეთმა ისროლა.

"არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. რაც მოხდა, ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნა, არ ყოფილა მიზანმიმართული. ეს არ ყოფილა რაკეტა, რომლის სამიზნეც პოლონეთი იყო. შესაბამისად, არსებითად, ეს არ იყო პოლონეთზე თავდასხმა". – თქვა დუდამ. 

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთში ჩამოვარდა С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტიპის რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნასროლი იყო და რუსულ რაკეტებს იგერიებდა.

"ვინ გაისროლა რაკეტა? ამჟამად არ გვაქვს მტკიცებულება ან რაიმე, რაც მიუთითებს, რომ რაკეტა რუსულმა მხარემ ისროლა. თუმცა ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მაღალი ალბათობით რაკეტა თავდაცვისთვის იყო გამოყენებული, ანუ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ". – თქვა დუდამ.

ამას გარდა დუდამ აღნიშნა, რომ აფეთქება არა თავად რაკეტის ქობინმა, არამედ მასში დარჩენილმა საწვავმა გამოიწვია.

დუდას თქმით, შემთხვევაში რუსეთი სრულებით დამნაშავეა, რადგან ეს კონფლიქტი მათი დაწყებულია. 

უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მონაცემები მათ NATO-ს მე-4 პუნქტის ამოქმედების საბაბს არ აძლევს. 


15 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები