რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

რუსეთი ამბობს რომ პოლონეთში მისი რაკეტა არ ჩამოვარდნილა და ეს გამიზნული პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეები არ ჰქონიათ.

"პოლონური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ოფიცალური პირების განცხადება, თითქოსდა, "რუსული" რაკეტების პრჟევოდოვის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანიც ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია". – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში გამოჩენილ საბრძოლო მასალის ნამტვრევებს მათთან არაფერი აკავშირებთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პრჟევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები