რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

პოლონეთს უკრაინის საზღვართან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება სურს

Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემა

პოლონეთს უკრაინის საზღვართან Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ისაუბრა. 

აქამდე პოლონეთს Patriot-ის დამატებითი სისტემებით დახმარება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა შესთავაზა. ბლაშჩაკი შეთავაზებასთან დაკავშირებით გერმანელ კოლეგას ესაუბრა.

"მე სიამოვნებით მივესალმე გერმანიის თავდაცვის მინისტრის შემოთავაზებას ჩვენს ქვეყანაში Patriot-ის დამატებითი გამშვები საშუალებების განთავსებაზე. გერმანულ მხარესთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს, მე მათ შევთავაზე, რომ სისტემა უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგდეს". – თქვა ბლაშჩაკმა.

პოლონეთს Patriot-ის რამდენიმე სისტემა უკვე აქვს.

16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი პოლონელი დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

კომენტარები