რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

Rzeczpospolita: პოლონეთის პროკურატურას რაკეტის ინციდენტის გამოძიებაში უკრაინის მონაწილეობა არ სურს

რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი

პოლონური მედია Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პროკურატურა უარს ამბობს, პშევოდოვში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტში მონაწილეობა უკრაინელმა ექსპერტებმაც მიიღონ. მედიის წყაროების თქმით, ამისი კანონიერი შესაძლებლობა არ არსებობს და ეს საქმის წამროების წესების წინააღმდეგ იქნება. წყაროები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გამოძიების დროს განხილული უნდა იყოს ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის ისიც, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ეკუთვნის. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ უკრაინას გამოძიების ადგილზე დაუშვებდნენ. ამას გარდა, Rzeczpospolita უარყოფს პოლონელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე ამერიკელი ექსპერტები მუშაობენ. 

გამოცემა უარყოფს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ 18 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე უკრაინელი ექსპერტები მივიდნენ და აქ მუშაობა დაიწყეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი ექსპერტები პშევოვოდოვში ჩავიდნენ და შემთხვევის ადგილი ნახეს, მაგრამ საგამოძიებო სამუშაოები არ დაუწყიათ. 

16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი პოლონელი დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად გამოძიება და აფეთქების ადგილზე დაუყოვნებელი წვდომა სურდათ. დანილოვის პასუხად, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები მუშაობდნენ და, სულ მცირე, ორივე მხარის ნებართვა იქნებოდა საჭირო, რომ უკრაინა პროცესში ჩართულიყო.

კომენტარები