რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

მედია: AP-მ გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელიც პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე მუშაობდა

ჯეიმს ლაპორტა

The Daily Beast-ი და The Washington Post-ი წერენ, რომ Associated Press-მა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების რეპორტიორი, 35 წლის ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში 16 ნოემბერს რაკეტის ჩამოვარდნაზე მედიას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაცია თავდაპირველად The Daily Beast-მა გაავრცელა.

The Washington Post-ის თქმით, მათთან AP-ს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მცირე გამოძიების შემდეგ, ლაპორტა გაათავისუფლეს.

16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში მოხდა აფეთქება, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, შემთხვევამ მსოფლიოში მღელვარება გამოიწვია. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, Associated Press-მა გამოაქვეყნა სიახლე, რომლის მიხედვითაც, ანონიმურმა "აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ რუსული რაკეტა NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა და ორი ადამიანი მოკლა".

The Washington Post-ი წერს, რომ ინფორმაცია მცდარი იყო და, მცირე ხნის შემდეგ, პოლონეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ მათ სჯეროდათ, რომ ჩამოვარდნილი დანადგარი უკრაინული ძალების მიერ გასროლილი ერთი რაკეტა იყო, რომელმაც მიმართულება დაკარგა და პოლონეთში ჩამოვარდა.

მომდევნო დღეს AP-მ თავდაპირველი ამბავი ჩაანაცვლა და ამბობდნენ, რომ ანონიმური წყარო მცდარი იყო და "მომდევნო ინფორმაცია აჩვენებდა, რომ რაკეტა რუსული წარმოების იყო და დიდი ალბათობით უკრაინის თავდაცვამ რუსული თავდასხმის წინააღმდეგ გაისროლა".

The Daily Beast-ი წერს, რომ მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობა AP-ს წესის დარღვევა იყო, რომელიც ერთ წყაროზე მეტის დამოწმებას ითვალისწინებს, თუ ინფორმაციის მომწოდებელი ანონიმური პირია. ერთადერთი გამონაკლისია შემთხვევა, თუ მასალა გავლენიანი პირისგანაა მოწოდებული და ინფორმაცია იმდენად დეტალურია, რომ მის სიმართლეზე ეჭვი არ არსებობს.

AP და ლაპორტა მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

The Washington Post-თან საუბარში, AP-მ უარი თქვა ლაპორტა სიახლის ავტორად დაესახელებინა. მედიის სპიკერმა თქვა, რომ AP-სთვის სარედაქციო სტანდარტები და პრინციპები მნიშვნელოვანია.

ლაპორტა, აშშ-ს ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, AP-ში 2020 წლიდან მუშაობდა. ის, საინფორმაციო სამსახურისთვის, სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა.

16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი პოლონელი დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

კომენტარები