რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

გამოცემა Reuters-ი NATO-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან თქვა, რომ პოლონეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა ჩამოვარდა.

აქამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები