რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ისროლეს

Patrick Semansky/AP

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ის რუსეთიდან ესროლათ. 

"არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ". – უპასუხა ბაიდენმა შეკითხვას, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი.

ბაიდენის თქმით, აშშ და NATO-ს ქვეყნები ქმედებამდე ფაქტს სრულად გამოიკვლევენ. 

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები