ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
"დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა.
აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესების შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი განისაზღვრა, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ". - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, ტენდერში წინადადებით 3 თურქული და 1 ჩინური კომპანია იყო წარმოდგენილი.
როგორც კალაძე ამბობს, ტრამვაის ხაზის პროექტი 3 ეტაპისგან შედგება და გამარჯვებულ კომპანიას მის დასასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვე მიეცემა.
2025 წლის დეკმებერში კახა კალაძე ამბობდა, რომ ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოს ეყოლებოდათ. აღნიშნული ტენდერი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობის მიზეზით შეწყდა. ახალი ტენდერი კი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა.
ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის მშენებლობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2025 წლის 20 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე".
შეგახსენებთ, 2023 წელს გამოქვეყნებული, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილებოდა.




