ენმ

მუმლაძე: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი საქართველოს მასშტაბით

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის თქმით, არსებული ხელისუფლების შეცვლის რეცეპტი ენმ-ს არსებული ხელმძღვანელობის და მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცვლილებაა. მუმლაძე ამბობს, რომ მისი მიზანია პარტიის ქუჩის პროტესტის ფლაგმანად ქცევაა.

"ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი". – თქვა მუმლაძემ.

მუმლაძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებულმა ხელმძღვანელობამ პარტია უძრაობამდე მიიყვანა და ის "თავიდან ბოლომდე ჩამოშალა".

"დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა თავიდან ბოლომდე უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა". – თქვა მუმლაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.

კომენტარები