დაპირისპირება ენმ-ში

ცისკარიშვილი: აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, როცა მელიამ კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

"აზრთა სხვადასხვაობები რამდენიმე საკითხზე გვქონდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდაც გამოვიდა ტელეეთერებში, როცა ნიკამ [მელიამ] თქვენს [ფორმულას] დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] ბრალი დასდო ოლიგარქობაში, პოლიტიკაში ხელის შემოყოფისა და აქტიურობის მიმართულებით. პრაქტიკულად, იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც ქოცები აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის. ახლაც აგრძელებს ოცნების ლიდერშიფი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ ისინი არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს, ეს კამპანია გრძელდება მის წინააღმდეგ და ჩვენი გუნდის მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაპირისპირებოდნენ.

ეს არასწორი იყო იმ მოცემულობაში, იმ პირობებში, როდესაც დეოლოგარქიზაციაზე იყო ევროპის მხრიდან საუბარი და ჩვენი თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საუბრობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე დავით კეზერაშვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და 25 წელია ვმეგობრობთ, არამედ იმიტომ, რომ  პოლიტიკურად ეს გაუმართლებელი იყო. კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე თავდასხმა მაშინ, როდესაც ყველა ისარი და ფოკუსი უნდა იყოს ამ რეჟიმის შესუსტებაზე". – თქვა ცისკარიშვილმა ფორმულას ეთერში

მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ასევე უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნიკა მელიასა და ზოგადად პარტიის "გაუცხოების" საკითხს.

"ასევე, მე ვთვლიდი და ბევრია პარტიის შიგნით ამ აზრზე, პარტია, ლიდერშიფი, თავმჯდომარე არ უნდა ასხივებდეს უთანხმოებას ან გაუცხოებას მიხეილ სააკაშვილთან. ეს მისი დაფუძნებული პარტიაა, ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც მან შექმნა". – თქვა ცისკარიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები