რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინაში ბოლო თავდასხმებზე პუტინს "პასუხი მოეთხოვება"

Steffen Kugler/Bundesregierung/Getty Images

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ისინი პასუხს მოსთხოვენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც უკრაინაში ბოლო თავდასხმების ტალღაზეა პასუხისმგებელი. G7-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება 11 ოქტომბერს გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

G7-ის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას "რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება" და ქვეყანას ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაგრძელებას დაჰპირდნენ.

განცხადების თანახმად, დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ისინი მტკიცენი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

"ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთარში საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბერს უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. თავდასხმების შედეგად კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა. გაჩნდა 30-ზე მეტი ხანძრის კერა. რუსმა ოკუპანტებმა კიევიზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

იმავე დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო უკრაინაში რუსეთის მიერ განახლებული საჰაერო თავდასხმები და მათ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

კომენტარები