რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: თავდასხმები უკრაინელთა მიმართ ჩვენს თანადგომას მხოლოდ მეტად აძლიერებს

ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Susan Walsh/AP

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს გმობს. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, იერიშები კიდევ ერთხელ აჩვენებს ვლადიმირ პუტინის ომის დაუნდობლობას.

ბაიდენი იერიშების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი საუკეთესო სურვილებსა და გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

"ეს თავდასხმები მხოლოდ მეტად აძლიერებს ჩვენს მონდომებას, ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით, იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ამ აგრესიისთვის რუსეთზე საზღაურის დაკისრებას, პუტინისა და რუსეთი პასუხისგებას სისასტიკისა და ომის დანაშაულებისთვის და უზრუნველვყოფთ უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვის საჭიროებებით". – წერია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში. 

ბაიდენმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა ომის შეჩერებისკენ და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ. 

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

კომენტარები