ფინეთი-შვედეთი-NATO

მარინი: NATO-სგან ფინეთში ბირთვული იარაღისა და ბაზების განთავსების ინტერესიც კი არ არის

სანა მარინი
CNN

"NATO-სგან ფინეთში ბირთვული იარაღისა და ბაზების განთავსების ინტერესიც კი არ არის". – თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა სანნა მარინმა იტალურ გაზეთთან ინტერვიუში.

მარინმა ასევე ისაუბრა თურქეთთან უთანხმოებაზე ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე და იმედი გამოთქვა, რომ არსებულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება და აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებია საჭირო.

"ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე და დისკუსიის გამართვა თურქეთთან და ყველა სხვა წევრ სახელმწიფოსთან, არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გაუგებრობების გადაჭრა". – თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას.

კომენტარები