ფინეთი-NATO

პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკის უგულებელყოფა შეცდომაა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

"ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციული პოლიტიკის უგულებელყოფა შეცდომა იქნება, რადგან ფინეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასეთმა ცვლილებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე". – ნათქვამია სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ნიინისტემ პუტინთან ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების გარემო 2021 წლის ბოლოს რუსეთის მოთხოვნებმა NATO-ს გაფართოების თავიდან აცილების შესახებ და 2022 წელს უკრაინაში შეჭრამ.

ნიინისტეს თქმით, ფინეთს სურდა, რომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა "სწორად და პროფესიონალურად" მოეგვარებინა.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები