ფინეთი-NATO

ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს – პრეზიდენტი და პრემიერი

ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ "ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს".

დღეს, 12 მაისს გაკეთებულ  ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი ამბობენ, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ - ეს სკანდინავიური ერს, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს, ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას.

"გაზაფხულზე მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა ფინეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ. იმისთვის, რომ პარლამენტსა და საზოგადოებას საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, დრო იყო საჭირო. დრო იყო საჭირო NATO-სა და მის წევრ ქვეყნებთან, ისევე, როგორც შვედეთთან მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტებისთვის". - თქვეს ლიდერებმა.

მათივე განცხადებით, "გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება" და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი უნდა გააკეთოს. 

"NATO-ში გაწევრიანება ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში. რამდენიმე დღეში". - წერია ერთობლივ განცხადებაში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები